საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის საფუძველზე, ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.
ფრაზა - "ქონების რეგისტრაცია" ყველასათვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა.
ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალისხმევა სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისაკენ მიმართა.
სააგენტოში განხორციელებული რეფორმა ძირითადად ოთხი მიმართულებით განვითარდა: ინსტიტუციური, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. შედეგად კი, მომხმარებელმა მიიღო სწრაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მომსახურება.
სარეგისტრაციო მომსახურებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს.
ყოველდღიურად სარეგისტრაციო სამსახურებს 2000-მდე დაინტერესებული პირი მიმართავს. მათ შესაბამისი სწავლებაგავლილი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ემსახურება.
|