საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უგანდის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტროს ექსპერტულ დახმარებას გაუწევს
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, უგანდის დელეგაცია კვირის განმავლობაში გაეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, ქონების სარეგისტრაციო სისტემას, მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრესს, მონაცემთა შეგროვებისა და საველე აზომვების ინოვაციურ პროგრამას - ელექტრონული ოქმის აპლიკაციას. შეხვედრები, ასევე, შეეხება ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) და ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ჩარჩოს (IGIF) შემუშავებისა და განვითარების პროცესებს.
სამუშაო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციას პრეზენტაცია წარუდგინა და სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უგანდის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტრო, მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით, ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის ანალოგიურ პროექტს. დელეგაციისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის მიღება სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური პროექტების შესახებ.