შეხვედრა თბილისის მერიასთან

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა და საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თბილისში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის შუალედური შედეგები და გამოწვევები, ასევე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის შუალედური შედეგები შეაჯამა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლიდან ახორციელებს. რეფორმის დაწყებიდან დღემდე აიზომა 736 729 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობი 273 065 ჰა-ს შეადგენს. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 586 004 მიწის ნაკვეთზე;

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ოქტომბრიდან დღემდე უკვე აიზომა 6 464 მიწის ნაკვეთი. საველე სამუშაოებში ყოველდღიურად ჩართულია 48 ამგეგმავი და 15 მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილი.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 26 მარტიდან შედის. ცვლილებების შესაბამისად შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში თვითმმართველობის ჩართულობა გაიზრდება.სააგენტოსა და მუნიციპალურ ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა პროაქტიულად, ელექტრონული სერვისების საფუძველზე მოხდება.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილება მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირს ექნება.

იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის მიერ შერჩეულ არეალებზე (ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი-საღორისი, წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი) 2024 წლის ბოლომდე წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულიად უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

რეფორმის შედეგად 2024 წლის ბოლომდე, თბილისში აიზომება და დარეგისტრირდება დაახლოებით 28 000 მიწის ნაკვეთი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.