უგანდის დელეგაცია

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უგანდის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები საამზომველო პროცესს გაეცნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უგანდის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ველზე უმასპინძლეს.

დელეგაციამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით–აგეგმვითი სამუშაოების პროცესი დაათვალიერა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, უგანდის დელეგაცია გაეცნო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრესს, მონაცემთა შეგროვებისა და საველე აზომვების ინოვაციურ პროგრამას - ელექტრონული ოქმის აპლიკაციას.

უგანდის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტრო, მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით, ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის ანალოგიურ პროექტს. დელეგაციისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის მიღება სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური პროექტების შესახებ.