შეხვედრა ამბროლაურში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ალუდა თუთისანს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს, მოადგილეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები

”იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას. დღეის მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით აზომილია 450 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი და აქედან უკვე რეგისტრირებულია 370 000 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამჟამად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საველე საამზომველო სამუშაოებს აწარმოებს საჯარო რეესტრის 111 თანამშრომელი და დღეის მდგომარეობით აზომილია 12 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში და საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ მოსახლეობის ინფორმირების თუ სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ერთობლივი მუშაობის შედეგად, მუნიციპალიტეტის და საჯარო რეესტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა მიწის ნაკვეთის აზომვას და რეგისტრაციას. „ - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.