სამუშაო შეხვედრა გურჯაანში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 1 000 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ - დავით დევიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან - გიორგი მაჭავარიანთან, მერის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა დეტალურად განიხილეს.

რეფორმის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტი უკვე აზომილია და საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა.

„16 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია საველე-საამზომველო სამუშაოები. ამჟამად 750 ამზომველი მუშაობს 26 მუნიციპალიტეტში და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში აზომილია 35 000-ამდე მიწის ნაკვეთი. მოსახლეობის ჩართულობა და მონაწილეობა არის ძალიან მაღალი. დღეის მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 000 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთია აზომილი და 700 000 - ზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია “ - განაცხადა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule